Thursday, March 7, 2013

დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა



გოგი დოლიძე - ამ სახელისა და გვარის გაგება ბევრ ქართველს არაჩვეულებრივ მომღერალ გოგი დოლიძეს ახსენებს, ბევრს კი მომღერალსა და არაჩვეულებრივ ადამიანს.
გოგის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილის შემწეობით 9 წელი ვცხოვრობდი გოგი დოლიძის სახლში (გოგი დოლიძის ქუჩაზე). ამ დიდ ადამიანზე ბევრი ისტორია მოვისმინე მეზობლისგან, ოჯახის წევრისგან, ნაცნობისგან თუ უცნობისგან:
"ერთხელ თბილისში კოკისპირულად წვიმდა, გაჩერებასთან ქალი უქოლგოდ იდგა და გაურკვეველი დროით ელოდებოდა ავტობუსს. გოგის მანქანა  გაუჩერებია და მორიდებით შეუთავაზებია სახლამდე მიყვანა. ქალს დიდი მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, რადგან ის ბათუმში მიდიოდა. გოგის უცებ გახარებია. რა დამთხვევაა ქალბატონო მეც ბათუმში მივდივარო.
გოგიმ ქალბატონი ბათუმში ჩაიყვანა და უკან გამობრუნდა. მას გეზი, ქალის წვიმაში დანახვამდე ბათუმისკენ სულაც არ ქონდა. ის თბილისში თავის საქმეზე მიდიოდა".
"გადაღების დაწყებამდე დამლაგებლის მოსვლას არც ელოდებოდა სცენას თვითონვე გვიდა ხოლმე".
"ჩვენთან, გოგის მეზობლად სოხუმელი ბიჭი იყო სტუმრად. გოგიმ გაიცნო, მოეწონა. ხშირად შემოგვირბენდა და სულ ეხვეწებოდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად სანამ უკან დაბრუნდები, აქ ცოტა ვიწროდ ხარო".
"საქმის გადადება არ უყვარდა, საშინელ "პახმელიაზეც" რომ ყოფილიყო და არაფის თავი ქონოდა გადაღებას მაინც არ ჩაშლიდა. თავის გასაკეთებელს ბოლომდე მიიყვანდა".
"გოგია კაცი იყო, კოლორიტი".
ამ და ბევრ მსგავს ამბებს ხშირად ვისმენდი გოგიზე და ბედნიერი ვარ, რომ მის ოჯახს ვიცნობ: გოგი დოლიძის მეუღლეს, ქეთი დეიდას, რომელთან შესახვედრადაც, ლექციების წინ, გზას ცოტას სიამოვნებით ვიგრძელებ. იქნებ შორიდან თვალი მოვკრა და თავისდაკვითა და ბედნიერი ღიმილის თანხლებით მივესალმო.
გოგის შვილი ლევანი კი ჩემი კურსელი იყო. ჩვენი მეგობრობა უკვე 10 წლის ხდება. ისიც მამამისივით დიდი გულის მეპატრონეა. შეუძლია თავისი ჭერი დაგახუროს და მისსავე მიწაზე ხელშიაყვანილმა გატაროს.
სხვების არ ვიცი, ან რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე მიყვარს სასაფლაო. მიყვარს გოგი დოლიძის საფლავიც.
დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. მიხარია რომ ამ ადამიანისა და მისი ოჯახის სიყვარულს "გულის ჯიბით" ვატარებ.

პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი
8.03.13