სტატიები


"ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"

"ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი  იყო"

05-11-2012
გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე

"ისე უნდოდა ჩემთვის ლევანი დაერქმია, რომ ამბობდა, გოგო რომ გაჩნდეს, იმასაც კი ლევანს დავარქმევო"

მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ერთად ბედნიერები ვიყავით. როცა ვშორდებოდით - ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი"

მომღერალი მანამ არის ცოცხალი, ვიდრე მისი ხმა, მისი შესრულებული სიმღერების ექო ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა. ამ თვალსაზრისით ყველასთვის საყვარელი მომღერალი გოგი დოლიძე ცოცხალია, მეტიც, მის სახელს და ხმას აქვს ენერგია, რომ კიდევ  უფრო მეტი ახალი სიცოცხლე შექმნას...

გასული საუკუნის 90-იან წლებში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა "მელოდიაში" გოგი დოლიძე ახალი ალბომისათვის სიმღერებს წერდა. ორიოდ წელიწადში ახალგაზრდა მომღერალი გარდაიცვალა... 

"ბრავო რექორდსმა" გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო მოეპოვებინა მისი უნიკალური სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე. გადაწყდა, გოგი დოლიძის ხმისათვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინათ.

პროექტის ხელმძღვანელად შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტული აკომპანემენტით შეავსო. ალბომში შესულია 11 ჰიტის სრულიად ახალი ვერსია. გოგის ხმა აბსოლუტურად ჰარმონიულად ჟღერს ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ სიმფონიურ მუსიკალურ ფორმებთან ერთად. 
და კიდევ - ეს  განსაკუთრებული მოვლენა გახლავთ ლევან დოლიძისათვის... სულ ათი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა, მაგრამ ბევრი რამ მაინც ახსოვს:

- მამა, როგორც ყველა ხელოვანი, ძალიან დაკავებული იყო: ჩაწერა, რეპეტიცია, კონცერტი, გასტროლები... ზოგჯერ თვეობით უხდებოდა თბილისიდან გასვლა. მაგრამ შინ დაბრუნებული გვერდიდან არ მიცილებდა. ერთად ბედნიერები ვიყავით. როცა ვშორდებოდით - ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი...
მე არ მახსოვს, მაგრამ მიყვებიან, რომ სიცხე მქონია, დედას წყნეთში ვყავდი წაყვანილი. იქიდან განუწყვეტლივ ურეკავდა დეიდაჩემს, რომელიც პედიატრია და ეკითხებოდა, ბავშვს რა წამალი მივცე, სიცხე არ უნელდებაო. ამ დროს მამაჩემი მოსულა, მანქანით შემოსულა ეზოში და ჩემთვის დაუძახია... სიხარულით წამოვმხტარვარ ლოგინიდან... მამამ ამიყვანა და... სიცხემ დამიწია. მერე აღარც მოუმატებია. 

ზოგჯერ ვწუწუნებდი: შენ ყველგან დადიხარ, მე კი არსად მიგყავარ-მეთქი... ჰოდა, კორსიკაზე წამიყვანა. 
იმ დროს უცხოეთში გამგზავრების მსურველებს შვილების სურათებს პასპორტში ჩაუკრავდნენ ხოლმე. ძალიან მომეწონა, როცა ვნახე, რომ მამას ჩემი სურათი პასპორტში ჩაუკრეს.
კორსიკაზე დაუვიწყარი დრო გავატარეთ. სანადიროდაც კი წამიყვანა ტაქსით - იქ მანქანით დადიოდნენ ტახზე სანადიროდ. არაფერი მოგვიკლავს... დამამახსოვრდა, მამაჩემის დაყვირება, როცა დამინახა, რომ მანქანის ფანჯრიდან ლამის წელამდე გადავიწიე, მისი შეშინებული სახე. სხვა დროს, მგონი, არც არაფერი უთქვამს ხმამაღლა. როცა არ ვსწავლობდი და ვზარმაცობდი, მეუბნებოდა: - კარგი რა, ლევან, ხომ იცი, კემბრიჯში უნდა ისწავლო და თუ  კარგი ნიშნები არ გექნება, სწავლას როგორ გააგრძელებო.

საოცრად მიყვარდა, როცა მამა გასტროლებიდან ბრუნდებოდა, უამრავი საჩუქრი მოჰქონდა. მერე ვისხედით ერთად, მამას ინგლისური ენის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ინგლისურენოვან ინსტრუქციას კითხულოდა. ვაწყობდით სათამაშოებს და მერე ერთად ვთამაშობდით. საოცრად  ბედნიერები ვიყავით...
კადრებიც არის შემორჩენილი: გოგი დოლიძე უცხოეთში სათამაშოების მაღაზიის ვიტრინას უყურებს - ჩემთვის არჩევდა სათამაშოს. იცით, როგორ მიხარია, როცა ვხედავ, როგორ უყვართ მამაჩემი. არ მინახავს კაცი, რომ მასზე აუგი ეთქვას. ძალიან კარგი და სუფთა კაცი იყო, ხალისიანი, სიცოცხლით აღსავსე...

საოცარი ბებია-ბაბუა მყავდა. ბაბუა ლეონიდე  კარგად უკრავდა. შინ ფანდური ჰქონდათ. ბაბუას უნდოდა, მამაჩემსაც დაეკრა ფანდურზე, მაგრამ მას რატომღაც არ მოუნდომებია. როცა უსაყვედურებდა, პასუხობდა, რა გინდა, ფორტეპიანოზე ხომ კარგად ვუკრავო... ლეონიდე ბაბუა ეტყოდა: მერე, ფორტეპიანოს უცხოეთში ხომ ვერ წაიღებო. ლევანი ლეონიდე ბაბუას გამო დამარქვეს. დედა მიყვება, ისე უნდოდა, რომ ლევანი გრქმეოდა, ამბობდა, გოგო რომ გაჩნდეს, იმასაც კი ლევანს დავარქმევო...

- ალბათ მამაზე ბევრს გიამბობდნენ...
- მამაზე მარტო ოჯახი კი არა, უამრავი ადამიანი მიამბობს... ერთხელ გასტროლებზე ყოფილან. ნუგზარ ფოფხაძეც ახლდათ თურმე. რაღაცნაირად შეჩვეულან, მოილხენდნენ, იქეიფებდნენ და დასაძინებლად ნუგზარ ფოფხაძის ნომერში შედიოდა. მამას, ეტყობა, მოსწონდა, იქ რომ მოწესრიგებული იყო ყველაფერი. შეწუხებულა ბატონი ნუგზარი და ერთხელაც უთქვამს, - ცხვირი შენ არ გივარგა და თვალები, სახე და ტანი. საქციელი შენ არ გივარგა და ნეტა, რამ შემაყვარა შენი თავი, რომ ვერ გაგდებო! უხმოდ ამდგარა გოგი და ტუალეტში ჩაკეტილა. ნუგზარ ფოფხაძეს უნანია, - ნეტა არ მეთქვა, მგონი, ეწყინაო. უცებ მამას გამოუყვია თავი აბაზანიდან: - იცი რა, მამა, შენ მართალი ხარ! სარკეში ჩავიხედე და არაფერი მივარგა, მაგრამ  მაინც ხომ საყვარელი ვარო. 

ასე იცოდა მიმართვა - "მამა", რამდენიმე კაცს მიმართავდა... მე, თავისთავად და კიდევ მათ, ვინც ძალიან უყვარდა...
მიშა ლოლაძეს ჰქონდა გიტარა. ისე უყვარდა ის გიტარა მამას, სადაც წავიდოდა, სულ თან დაჰქონდა. მერე უბრუნებდა. ბატონი მიშა ეუბნებოდა, არ დამიბრუნო, გჩუქნიო. არა, მამა, შენთან იყოს და მერე კიდევ წავიღებო... ერთხელაც გაუწყდა სიმი, თურმე. მიუტანია და უთქვამს, - გამოვუცვლიო. გაუხანგრძლივდა რაღაც ეს საქმე და ისე მოხდა, მიშამ თვითონ გაუკეთა გიტარას ახალი სიმი. მას მერე გოგის გარდა, ვისაც უნდა დაეკრა იმ გიტარაზე, სიმი წყდებოდა, მხოლოდ გოგის არ გასწყვეტია...
ძალიან მიყვარს ერთი ამბავი: მამა შუაღამის ოთხ საათზე ბრუნდებოდა შინ მანქანით. გაჩერებაზე ქალი დაუნახავს. სად მიბრძანდებით, წაგიყვანთო. იმას - ბათუმშიო. მამას იხტიბარი არ გაუტეხავს და ბათუმში წაუყვანია...

- ასეთი მოულოდნელი მგზავრობით ალბათ რამდენ ნერვიულობას შეახვედრებდა ოჯახს... დედა ალბათ ღამეებს ათენებდა ლოდინში...
- როცა აგვიანებდა, ძალიან ბრაზობდა დედა - ქეთო ჩხეიძე. მაგრამ მამა კარს შემოაღებდა თუ არა, იმხელა სიყვარულს და სითბოს შემოიტანდა, სიბრაზე ყველას ავიწყდებოდა. ერთხელ  დედას საყვედურით აუვსია - რატომ არ მოდიხარ დროზეო. მამას სიმღერა წამოუწყია. აჰყოლია მთელი ოჯახი. ასე დამთავრებულა ეს ამბავი.

- თუ იცით, რა უყვარდა გოგი დოლიძეს განსაკუთრებულად?
- ზღვა უყვარდა, ბათუმი... კარგად ცურავდა და განსაკუთრებით წვიმაში მოსწონდა ზღვაში შესვლა. იცით, ზღვაზე  ქალი გადაურჩენია დახრ-ჩობას. მაშინ მე პატარა ვიყავი, ამიტომ არ მახსოვს, ეს ამბავი მისი მეგობრებისგან ვიცი.

P.S. ლევანი სულაც არ არის სიტყვაუხვი, თუმცა ვერ ფარავს სიხარულს იმის გამო, რომ გოგი დოლიძის ხმა ახალი არანჟირებით დაბრუნდა მსმენელთან. 

არც გოგი დოლიძეს ეყვარებოდა თავის გრძნობებზე ლაპარაკი. სათქმელსა და განცდას სიმღერაში აქსოვდა. ამიტომაც გამოსდიოდა, მარტო ხმით კი არა, გულით სიმღერა. მართალმა განცდამ კი მისი შემოქმედება დროზე მაღლა დააყენა... ამიტომაც მიენიჭა მის სიმღერებს ახალი სიცოცხლე...
ლელა ჯიყაშვილი

გოგი დოლიძე

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ) გოგი დოლიძე საყოველთაოდ ცნობილი სიმღერების - "ხმალი ავლესოთ, ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი", "დავით", "ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო" და სხვების უბადლო შემსრულებელი იყო. 

გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს. მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". სწორედ ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. ძალიან ახალგაზრდა, სულ 32 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, მისი ბიუსტი დაიდგა.











ვიხილავთ თუ არა გოგი დოლიძის შვილს, ლევან დოლიძეს, სცენაზე 
2012-10-01
ეკა პატარაია 
   საქართველოში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც გოგი დოლიძის სიმღერით არ აღფრთოვანებულა. გულდასაწყვეტია, რომ მისი ერთადერთი შვილი, ლევანი, არ განაგრძობს მამის საქმეს. ლევანმა სიმღერა 7 წლისამ დაიწყო და ძალიან უყვარს ეს საქმე, მაგრამ, მიაჩნია, რომ სცენაზე მისი გამოჩენა სულაც არ არის საჭირო. ის მხოლოდ მეგობრებში მღერის – სუფრასთან ან ისე. თან, როგორც თავად ამბობს მის მსგავსად ვერასდროს იმღერებს და საკუთარ თავს ამდენის უფლებას არც მისცემს თავი მამას შეადაროს. ლევანმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობს. 

– ლევან ჟურნალისტიკამ რატომ დაგაინტერესა? ბევრს ეგონა, რომ შენც მამის გზას აირჩევდი?

– ძალიან მინდოდა ამ ფაკულტეტზე ჩაბარება, რადგან დღეს აქტუალურია. ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, ბევრ კითხვას ვსვამდი, გამოძიების ალღოც მქონდა. მაგრამ, ცნობისმოყვარეობა მაქვს არა პოპულარული ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ, არამედ, მათი საქმისადმი – თუ როგორ მუშაობენ და რა ხდება მათ პროფესიაში. საერთოდ, მიზანდასახული ვარ – რაც მინდოდა, იმას ყოველთვის ვაღწევდი, ყოველ შემთხვევაში, იმის ნახევარს მაინც ვაკეთებდი. თავიდან იურიდიულზე ვფიქრობდი – ადვოკატობა  მინდოდა, მერე გადავიფიქრე.  

– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, ხალხი შენგან, როგორც გოგი დოლიძის შვილისგან, მაინც სცენაზე გამოსვლას ელოდა.      

– კი, ელოდა, მაგრამ, ვფიქრობ, იმ დონეზე არ ვმღერი, რომ სცენაზე დავდგე და თქვან ლევან დოლიძეს რაღაც შესძლებიაო. სიმღერა 7 წლისამ დავიწყე, მაგრამ, გარდატეხის პერიოდში შევწყვიტე. რამდენჯერაც მიმღერია გოგისთან ერთად, სახლში, არასდროს მიცდია, მისთვის მიმებაძა. გოგი ერთადერთი იყო და არ განმეორდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მამა მყავდა, მინდა, შესრულების ინდივიდუალური სტილი მქონდეს. შეიძლება, ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. 

– როგორია დღეს შენი თვალით დანახული ქართული ესტრადა გოგი დოლიძის გარეშე?  

– იცით, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქართულ ესტრადას მომავალი არ აქვს, ფანიც კი არ ჰყავს. ნათქვამია, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო. მამაჩემს ვუსმენდი არა როგორც შვილი, არამედ, როგორც რიგითი მსმენელი, რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებული იყო გოგი დოლიძის სიმღერებით. როდესაც შენს საყვარელ ადამიანს ხედავ და უსმენ სცენაზე, ობიექტურობა, ძალაუნებურად, გეკარგება. დღეს ყველა მღერის, მაგრამ, გოგის რომ უსმენდი, მისი სიმღერის იქით სხვას ვერაფერს ხედავდი. შეიძლება, ოდესღაც გამოვიდე კიდეც სცენაზე და მისნაირად ვერ ვიმღერო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მსმენელი მაინც არ გაღიზიანდება და თბილად მიმიღებს, იმიტომ, რომ გოგის შვილი ვარ. პირადად გოგის სიმღერებს არასდროს შევასრულებ – ჯერ მაგის მორალური უფლება უნდა გქონდეს, მერე – შესაძლებლობები.  

–  ალბათ, ძალიან გენატრება მამა?        

– სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიმძიმს მასზე საუბარი. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა უფრო გვქონდა, ვიდრე მამაშვილური. „მამასაც“ არ ვეძახდი (დედაჩემსაც სახელით მივმართავ). საქეიფოდ რომ მიდიოდა ხოლმე, მეც თან მივყავდი, გასტროლებზეც დავყავდი. გოგის უცხო ენები ჰქონდა დამთავრებული და ძალიან კარგად ფლობდა რამდენიმე ენას. მეც ადრე დავიწყე უცხო ენების შესწავლა. ერთხელ, პარიზში  ვიყავით, ვსეირნობდით  და უცებ ავნერვიულდი – არ დავიკარგოთ-მეთქი. რა უნდა დავიკარგოთ, ექვსი თვე ვიყავი და კარგად ვიცი აქაურობაო – პარიზი ხუთი თითივით იცოდა.   

– ლევან, შეყვარებული თუ ხარ?                

– ჯერჯერობით არავინ მიყვარს, თან, ჯერ სურვილიც არ მაქვს, ოჯახი შევქმნა. თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ და, როცა ეს მომბეზრდება, მერე ამ საკითხსაც მივხედავ. ნადვილად არ მინდა, მერე  ფაშასავით შვიდი ცოლი გამოვიცვალო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დედაჩემი არ მეუბნება, ცოლი მოიყვანე,  შვილიშვილი მინდაო. რა თქმა უნდა, ზრდასრული შვილი ჰყავს და შვილიშვილიც უნდა, მაგრამ, ჩემს პირად ცხოვრებაში არ ერევა.                               

– როგორ ფიქრობ, დღეს მამაშენი ცოცხალი რომ იყოს, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?     

– დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო? არ ვიცი, მაგაზე არ ვფიქრობ ხოლმე, რა აზრი აქვს? მე დღეს გოგიზე მოგონებებით ვცოცხლობ. რა თქმა უნდა, მეც ბედნიერი ვიქნებოდი და მთელი  საქართველოც – ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ვერ გეტყვით, შეიძლება, უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე ახლა ვარ. ბევრ ადამიანს ჰქონია ასეთი შეგრძნება, მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ მე და გოგი ერთად წავსულვართ ვინმეს პანაშვიდზე და იმ წუთებში გამიფიქრია ხოლმე, რომ მე ეს არასოდეს დამემართება. ნეტავი მართალი ვყოფილიყავი! იცით, ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ შენი საყვარელი ადამიანი აღარ არის. შეიძლება, გოგის რაღაც აწუხებდა, მაგრამ, არ იმჩნევდა, წუწუნი არ იცოდა – ეს მის ხასიათში არ იჯდა. იცოდა, რომ ავად იყო, მაგრამ, რადგან მისთვის უკანასკნელი წლები იყო, ისე გაატარა, არ იმკურნალა – ექიმებში სიარულისთვის დროს არ ხარჯავდა.  

– მოდი, გაიხსენე შენი და მამას ბოლო პერიოდის ურთიერთობა. 

– მახსოვს, ბათუმში მიდიოდა კონცერტზე და არ წამიყვანა – სკოლა არ გამაცდენინა.  გოგი ხომ ასე იდეალურად მღეროდა, მაგრამ, უპირველესად, ის პიროვნება იყო. მუსიკა ბეთჰოვენით იწყება, მაგრამ, როცა ინგლისურ ენაზე მისი ბიოგრაფია წავიკითხე, მისმა პიროვნებამ იმდენად გამაღიზიანა, ვიფიქრე, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანის ნაწარმოებებს კაცმა მოუსმინოს-მეთქი. გოგი ხალხს უყვარდა, ძალიან კეთილი იყო, მისგან ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გამიგია. დიდ სიყვარულს იტევდა გულში, თუმცა, ძალიან ემოციურიც იყო. მირჩევნია, გოგისნაირი პიროვნება ვიყო და არა მაგარი მომღერალი, ვიდრე – არაკაცი. მახსოვს, ჩვენთან ყოველთვის იყო კამათი: რატომ არ სწავლობ! აი, კემბრიჯში რომ გინდა, იცოდე, ვერ მოეწყობი და რა უნდა ქნა მერეო, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ მეჩხუბებოდა. მაინც ისე მოიქცეოდა, როგორც უნდოდა და არა როგორც საჭირო იყო. ამ დროს მის ყოველ გამოხედვაში ვხვდებოდი, რომ ეს იყო მხოლოდ ფასადი და მის უკან არანაირი გაბრაზება არ იდგა.  მოვალეობის მიზნით დამტუქსავდა – რა უბედურებაა რომ არ დადიხარ სკოლაშიო. ერთხელ ორიანი მივიღე მათემატიკაში. იმ დღეს საქართველო-გერმანია თამაშობდა და, მითხრა არ წაგიყვანო. მართლაც არ წამიყვანა – რომ იტყოდა, იმას აუცილებლად შეასრულებდა, სიტყვის კაცი იყო. მე მასზე თბილი ადამიანი არ მინახავს. შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანისათვის ისეთი რაღაც გაეკეთებინა, რომ ის ადამიანი გადარეულიყო. უყვარდა ყველას დახმარება, ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა. მან იმდენი დატოვა, რომ, მე მგონი, 70 პროცენტი პიროვნება იყო და დანარჩენი 30 პროცენტი – მომღერალი, მიუხედავად იმისა, რომ ყველზე მაგარი მომღერალი იყო. 24-ე სკოლასთან მისი ბიუსტი რომ დგას, ეს არ დგას, როგორც მომღელის ბიუსტი, ეს არის გოგის კარგი კაცობის ბიუსტი. ალბათ, ამასაც ნიჭი უნდა, არ ვიცი. 

გოგი რომ გარდაიცვალა, პირველი ორი დღე არ ვიცოდი, სკოლაში მომაკითხეს და წამიყვანეს დეიდაშვილთან. მერე დედაჩემმა მითხრა.                                 

– რა მსგავსებას ხედავ შენსა და გოგის შორის?

– ალბათ, მეც მასავით მხიარული, კეთილი, ნაკლებად კონფლიქტური ვარ. თუ გავბრაზდი, შეიძლება, სიბრაზისგან რაღაც დავამტვრიო, მაგრამ, ჩემი გაბრაზება ძნელია. გარეგნულად დედას მამსგავსებენ, მამაჩემს რაღაც მომენტებში ვგავარ – პროფილში და აღნაგობით. 

– მართალია, შენი მშობლები დაშორებულები იყვნენ, მაგრამ, ქეთის, ალბათ, მაინც გაუჭირდა გოგის გარდაცვალების შემდეგ შენი გაზრდა.     

– ქეთის ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, შენ რომ მამაკაცი ყოფილიყავი, ალბათ, ქურდი იქნებოდი-მეთქი. კაცურად ვყავარ გაზრდილი, რაც ბევრ დედას არ შეუძლია. დედაჩემმა ჩემი გაზრდა მთლიანად თავის თავზე აიღო. ერთხელ, ეზოში ჩხუბი მომივიდა. დედაჩემს ვუთხარი, ახლა არაფერი დაიწყო და გარეთ არ გამოხვიდე-მეთქი. არსად გასვლას არ ვაპირებ, შენ ხარ კაცი და, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ ოდესმე მუშტი მოგხვდება, მაგრამ, სამაგიეროდ, კაცობა შეგრჩებაო. ქეთის ძლიერი, მამაკაცური ხასიათი აქვს. 

– წარმომიდგენია, მამა როგორ გენატრება. 

– როცა გოგი მენატრება, სურათებს ვათვალიერებ, ან, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ. მინდა გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ცხადად წარმოვიდგენ, განსაკუთრებით თუ სიზმარში ვხედავ. ქრისტიანი ვარ და მეტ-ნაკლებად ეკლესიურად ვცხოვრობ, მწამს ღმერთის და იმქვეყნიური ცხოვრების. კარგი ადამიანი თუ ვიქნები და სწორად ვიცხოვრებ, როცა დრო მოვა, მჯერა, გოგის აუცილებლად შევხვდები. ჩემი აზრით, სიკვდილი – წინ პატარა გასეირნებაა, მისი არ მეშინია. 

– ათი წლის იყავი, როცა გოგი გარდაიცვალა. მაშინ, ალბათ, ვერც აცნობიერებდი, თუ ვინ იყო გოგი დოლიძე და, მას, ბუნებრივია, უყურებდი მხოლოდ როგორც მამას.    

– ჩემთვის გოგი ყოველთვის დარჩება როგორც მამა და მერე – სხვა დანარჩენი, მე არ ვამაყობ, რომ მამაჩემი ცნობილი ადამიანი იყო, ვამაყობ იმით, რომ ასეთი მაგარი ადამიანი მამაჩემი იყო. მამაჩემის გარდა, ასე ერთდროულად ძმაკაცი, ძმადნაფიცი და მამა,  არავინ მყოლია, ის იყო ჩემთვის ყველაფერი.








რესტორან „ნაცნობში“ გოგი დოლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


     რესტორან „ნაცნობში“ გუშინ მომღერალ გოგი დოლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

     კონცერტში მონაწილეობა გოგი დოლიძის მეგობრებმა და კოლეგებმა მიიღეს

     გოგი დოლიძის შემოქმედება და სიმღერები „ქართულმა ხმებმა“, ეკა მამალაძემ, ეკა კვალიაშვილმა, მაია ჯაბუამ, მაცაცო სებისკვერაძემ, და მარიკა კვალიაშვილმა გაიხსენეს.

„ინტერპრესნიუსი“



გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალის გალაკონცერტი დღეს ჩატარდება


      გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალის გალა-კონცერტი დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში ჩატარდება.


    კონცერტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრება. სიმღერის ფესტივალი, თბილისის #24-ე საჯარო სკოლის დირექტორის გია მურღულიას ინიციატივით, უკვე მეოთხედ ტარდება. ფესტივალში 10-დან 17-წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

    ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომითა და დაფინანსებით ტარდება.


„ინტერპრესნიუსი“