Thursday, March 7, 2013

დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა



გოგი დოლიძე - ამ სახელისა და გვარის გაგება ბევრ ქართველს არაჩვეულებრივ მომღერალ გოგი დოლიძეს ახსენებს, ბევრს კი მომღერალსა და არაჩვეულებრივ ადამიანს.
გოგის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილის შემწეობით 9 წელი ვცხოვრობდი გოგი დოლიძის სახლში (გოგი დოლიძის ქუჩაზე). ამ დიდ ადამიანზე ბევრი ისტორია მოვისმინე მეზობლისგან, ოჯახის წევრისგან, ნაცნობისგან თუ უცნობისგან:
"ერთხელ თბილისში კოკისპირულად წვიმდა, გაჩერებასთან ქალი უქოლგოდ იდგა და გაურკვეველი დროით ელოდებოდა ავტობუსს. გოგის მანქანა  გაუჩერებია და მორიდებით შეუთავაზებია სახლამდე მიყვანა. ქალს დიდი მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, რადგან ის ბათუმში მიდიოდა. გოგის უცებ გახარებია. რა დამთხვევაა ქალბატონო მეც ბათუმში მივდივარო.
გოგიმ ქალბატონი ბათუმში ჩაიყვანა და უკან გამობრუნდა. მას გეზი, ქალის წვიმაში დანახვამდე ბათუმისკენ სულაც არ ქონდა. ის თბილისში თავის საქმეზე მიდიოდა".
"გადაღების დაწყებამდე დამლაგებლის მოსვლას არც ელოდებოდა სცენას თვითონვე გვიდა ხოლმე".
"ჩვენთან, გოგის მეზობლად სოხუმელი ბიჭი იყო სტუმრად. გოგიმ გაიცნო, მოეწონა. ხშირად შემოგვირბენდა და სულ ეხვეწებოდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად სანამ უკან დაბრუნდები, აქ ცოტა ვიწროდ ხარო".
"საქმის გადადება არ უყვარდა, საშინელ "პახმელიაზეც" რომ ყოფილიყო და არაფის თავი ქონოდა გადაღებას მაინც არ ჩაშლიდა. თავის გასაკეთებელს ბოლომდე მიიყვანდა".
"გოგია კაცი იყო, კოლორიტი".
ამ და ბევრ მსგავს ამბებს ხშირად ვისმენდი გოგიზე და ბედნიერი ვარ, რომ მის ოჯახს ვიცნობ: გოგი დოლიძის მეუღლეს, ქეთი დეიდას, რომელთან შესახვედრადაც, ლექციების წინ, გზას ცოტას სიამოვნებით ვიგრძელებ. იქნებ შორიდან თვალი მოვკრა და თავისდაკვითა და ბედნიერი ღიმილის თანხლებით მივესალმო.
გოგის შვილი ლევანი კი ჩემი კურსელი იყო. ჩვენი მეგობრობა უკვე 10 წლის ხდება. ისიც მამამისივით დიდი გულის მეპატრონეა. შეუძლია თავისი ჭერი დაგახუროს და მისსავე მიწაზე ხელშიაყვანილმა გატაროს.
სხვების არ ვიცი, ან რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე მიყვარს სასაფლაო. მიყვარს გოგი დოლიძის საფლავიც.
დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. მიხარია რომ ამ ადამიანისა და მისი ოჯახის სიყვარულს "გულის ჯიბით" ვატარებ.

პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი
8.03.13




Monday, December 3, 2012

"ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"


"ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი  იყო"

05-11-2012
გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე


"ისე უნდოდა ჩემთვის ლევანი დაერქმია, რომ ამბობდა, გოგო რომ გაჩნდეს, იმასაც კი ლევანს დავარქმევო"

მამა გვერდიდან არ მიცილებდა. ერთად ბედნიერები ვიყავით. როცა ვშორდებოდით - ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი"

მომღერალი მანამ არის ცოცხალი, ვიდრე მისი ხმა, მისი შესრულებული სიმღერების ექო ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა. ამ თვალსაზრისით ყველასთვის საყვარელი მომღერალი გოგი დოლიძე ცოცხალია, მეტიც, მის სახელს და ხმას აქვს ენერგია, რომ კიდევ  უფრო მეტი ახალი სიცოცხლე შექმნას...



გასული საუკუნის 90-იან წლებში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა "მელოდიაში" გოგი დოლიძე ახალი ალბომისათვის სიმღერებს წერდა. ორიოდ წელიწადში ახალგაზრდა მომღერალი გარდაიცვალა... 



"ბრავო რექორდსმა" გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო მოეპოვებინა მისი უნიკალური სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე. გადაწყდა, გოგი დოლიძის ხმისათვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინათ.



პროექტის ხელმძღვანელად შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტული აკომპანემენტით შეავსო. ალბომში შესულია 11 ჰიტის სრულიად ახალი ვერსია. გოგის ხმა აბსოლუტურად ჰარმონიულად ჟღერს ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ სიმფონიურ მუსიკალურ ფორმებთან ერთად. 
და კიდევ - ეს  განსაკუთრებული მოვლენა გახლავთ ლევან დოლიძისათვის... სულ ათი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა, მაგრამ ბევრი რამ მაინც ახსოვს:



- მამა, როგორც ყველა ხელოვანი, ძალიან დაკავებული იყო: ჩაწერა, რეპეტიცია, კონცერტი, გასტროლები... ზოგჯერ თვეობით უხდებოდა თბილისიდან გასვლა. მაგრამ შინ დაბრუნებული გვერდიდან არ მიცილებდა. ერთად ბედნიერები ვიყავით. როცა ვშორდებოდით - ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი...
მე არ მახსოვს, მაგრამ მიყვებიან, რომ სიცხე მქონია, დედას წყნეთში ვყავდი წაყვანილი. იქიდან განუწყვეტლივ ურეკავდა დეიდაჩემს, რომელიც პედიატრია და ეკითხებოდა, ბავშვს რა წამალი მივცე, სიცხე არ უნელდებაო. ამ დროს მამაჩემი მოსულა, მანქანით შემოსულა ეზოში და ჩემთვის დაუძახია... სიხარულით წამოვმხტარვარ ლოგინიდან... მამამ ამიყვანა და... სიცხემ დამიწია. მერე აღარც მოუმატებია. 



ზოგჯერ ვწუწუნებდი: შენ ყველგან დადიხარ, მე კი არსად მიგყავარ-მეთქი... ჰოდა, კორსიკაზე წამიყვანა. 
იმ დროს უცხოეთში გამგზავრების მსურველებს შვილების სურათებს პასპორტში ჩაუკრავდნენ ხოლმე. ძალიან მომეწონა, როცა ვნახე, რომ მამას ჩემი სურათი პასპორტში ჩაუკრეს.
კორსიკაზე დაუვიწყარი დრო გავატარეთ. სანადიროდაც კი წამიყვანა ტაქსით - იქ მანქანით დადიოდნენ ტახზე სანადიროდ. არაფერი მოგვიკლავს... დამამახსოვრდა, მამაჩემის დაყვირება, როცა დამინახა, რომ მანქანის ფანჯრიდან ლამის წელამდე გადავიწიე, მისი შეშინებული სახე. სხვა დროს, მგონი, არც არაფერი უთქვამს ხმამაღლა. როცა არ ვსწავლობდი და ვზარმაცობდი, მეუბნებოდა: - კარგი რა, ლევან, ხომ იცი, კემბრიჯში უნდა ისწავლო და თუ  კარგი ნიშნები არ გექნება, სწავლას როგორ გააგრძელებო.



საოცრად მიყვარდა, როცა მამა გასტროლებიდან ბრუნდებოდა, უამრავი საჩუქრი მოჰქონდა. მერე ვისხედით ერთად, მამას ინგლისური ენის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ინგლისურენოვან ინსტრუქციას კითხულოდა. ვაწყობდით სათამაშოებს და მერე ერთად ვთამაშობდით. საოცრად  ბედნიერები ვიყავით...
კადრებიც არის შემორჩენილი: გოგი დოლიძე უცხოეთში სათამაშოების მაღაზიის ვიტრინას უყურებს - ჩემთვის არჩევდა სათამაშოს. იცით, როგორ მიხარია, როცა ვხედავ, როგორ უყვართ მამაჩემი. არ მინახავს კაცი, რომ მასზე აუგი ეთქვას. ძალიან კარგი და სუფთა კაცი იყო, ხალისიანი, სიცოცხლით აღსავსე...



საოცარი ბებია-ბაბუა მყავდა. ბაბუა ლეონიდე  კარგად უკრავდა. შინ ფანდური ჰქონდათ. ბაბუას უნდოდა, მამაჩემსაც დაეკრა ფანდურზე, მაგრამ მას რატომღაც არ მოუნდომებია. როცა უსაყვედურებდა, პასუხობდა, რა გინდა, ფორტეპიანოზე ხომ კარგად ვუკრავო... ლეონიდე ბაბუა ეტყოდა: მერე, ფორტეპიანოს უცხოეთში ხომ ვერ წაიღებო. ლევანი ლეონიდე ბაბუას გამო დამარქვეს. დედა მიყვება, ისე უნდოდა, რომ ლევანი გრქმეოდა, ამბობდა, გოგო რომ გაჩნდეს, იმასაც კი ლევანს დავარქმევო...

- ალბათ მამაზე ბევრს გიამბობდნენ...
- მამაზე მარტო ოჯახი კი არა, უამრავი ადამიანი მიამბობს... ერთხელ გასტროლებზე ყოფილან. ნუგზარ ფოფხაძეც ახლდათ თურმე. რაღაცნაირად შეჩვეულან, მოილხენდნენ, იქეიფებდნენ და დასაძინებლად ნუგზარ ფოფხაძის ნომერში შედიოდა. მამას, ეტყობა, მოსწონდა, იქ რომ მოწესრიგებული იყო ყველაფერი. შეწუხებულა ბატონი ნუგზარი და ერთხელაც უთქვამს, - ცხვირი შენ არ გივარგა და თვალები, სახე და ტანი. საქციელი შენ არ გივარგა და ნეტა, რამ შემაყვარა შენი თავი, რომ ვერ გაგდებო! უხმოდ ამდგარა გოგი და ტუალეტში ჩაკეტილა. ნუგზარ ფოფხაძეს უნანია, - ნეტა არ მეთქვა, მგონი, ეწყინაო. უცებ მამას გამოუყვია თავი აბაზანიდან: - იცი რა, მამა, შენ მართალი ხარ! სარკეში ჩავიხედე და არაფერი მივარგა, მაგრამ  მაინც ხომ საყვარელი ვარო. 



ასე იცოდა მიმართვა - "მამა", რამდენიმე კაცს მიმართავდა... მე, თავისთავად და კიდევ მათ, ვინც ძალიან უყვარდა...
მიშა ლოლაძეს ჰქონდა გიტარა. ისე უყვარდა ის გიტარა მამას, სადაც წავიდოდა, სულ თან დაჰქონდა. მერე უბრუნებდა. ბატონი მიშა ეუბნებოდა, არ დამიბრუნო, გჩუქნიო. არა, მამა, შენთან იყოს და მერე კიდევ წავიღებო... ერთხელაც გაუწყდა სიმი, თურმე. მიუტანია და უთქვამს, - გამოვუცვლიო. გაუხანგრძლივდა რაღაც ეს საქმე და ისე მოხდა, მიშამ თვითონ გაუკეთა გიტარას ახალი სიმი. მას მერე გოგის გარდა, ვისაც უნდა დაეკრა იმ გიტარაზე, სიმი წყდებოდა, მხოლოდ გოგის არ გასწყვეტია...
ძალიან მიყვარს ერთი ამბავი: მამა შუაღამის ოთხ საათზე ბრუნდებოდა შინ მანქანით. გაჩერებაზე ქალი დაუნახავს. სად მიბრძანდებით, წაგიყვანთო. იმას - ბათუმშიო. მამას იხტიბარი არ გაუტეხავს და ბათუმში წაუყვანია...



- ასეთი მოულოდნელი მგზავრობით ალბათ რამდენ ნერვიულობას შეახვედრებდა ოჯახს... დედა ალბათ ღამეებს ათენებდა ლოდინში...
- როცა აგვიანებდა, ძალიან ბრაზობდა დედა - ქეთო ჩხეიძე. მაგრამ მამა კარს შემოაღებდა თუ არა, იმხელა სიყვარულს და სითბოს შემოიტანდა, სიბრაზე ყველას ავიწყდებოდა. ერთხელ  დედას საყვედურით აუვსია - რატომ არ მოდიხარ დროზეო. მამას სიმღერა წამოუწყია. აჰყოლია მთელი ოჯახი. ასე დამთავრებულა ეს ამბავი.

- თუ იცით, რა უყვარდა გოგი დოლიძეს განსაკუთრებულად?
- ზღვა უყვარდა, ბათუმი... კარგად ცურავდა და განსაკუთრებით წვიმაში მოსწონდა ზღვაში შესვლა. იცით, ზღვაზე  ქალი გადაურჩენია დახრ-ჩობას. მაშინ მე პატარა ვიყავი, ამიტომ არ მახსოვს, ეს ამბავი მისი მეგობრებისგან ვიცი.



P.S. ლევანი სულაც არ არის სიტყვაუხვი, თუმცა ვერ ფარავს სიხარულს იმის გამო, რომ გოგი დოლიძის ხმა ახალი არანჟირებით დაბრუნდა მსმენელთან. 



არც გოგი დოლიძეს ეყვარებოდა თავის გრძნობებზე ლაპარაკი. სათქმელსა და განცდას სიმღერაში აქსოვდა. ამიტომაც გამოსდიოდა, მარტო ხმით კი არა, გულით სიმღერა. მართალმა განცდამ კი მისი შემოქმედება დროზე მაღლა დააყენა... ამიტომაც მიენიჭა მის სიმღერებს ახალი სიცოცხლე...
ლელა ჯიყაშვილი



გოგი დოლიძე



ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ) გოგი დოლიძე საყოველთაოდ ცნობილი სიმღერების - "ხმალი ავლესოთ, ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი", "დავით", "ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო" და სხვების უბადლო შემსრულებელი იყო. 



გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს. მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". სწორედ ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. ძალიან ახალგაზრდა, სულ 32 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, მისი ბიუსტი დაიდგა.

გოგი დოლიძის სტუმრობა


გოგი დოლიძე სტუმრად მუსიკოს ელგუჯა ომიაძესთან (1995 წ.)
ეს ვიდეომასალა გოგის მასპინძელმა გადმომცა - გიორგი ლიპარიშვილი 2012 წ.

ქართული ხმების კახური მრავაჟამიერი საფრანგეთში (1995 წ.)


ზამთრის ბაღში (სატელევიზიო კონცერტი)


Friday, October 19, 2012

უნიკალური პროექტი - გოგი დოლიძე - "იყო არა იყო რა..."










დღეს, 19 ოქტომბერს, “ბრავო რექორდს”-ის ყველაზე უნიკალური და ექსპერიმენტალური პროექტის, გოგი დოლიძის ალბომის “იყო არა იყო რა...” პრეზენტაცია გაიმართა.
გასული საუკუნის 90-იან წლების შუაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა “მელოდიაში”, გოგი დოლიძე მისი ახალი ალბომისათვის სიმღერებს წერდა.
“ბრავო რექორდსმა” გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის -  ქეთი ლოლაძის თანადგომით შესძლო მოეპოვებინა ეს უნიკალური, ცალკე ტრეკზე, ჩაწერილი სიმღერები -  გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე.
პროექტისათვის უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე შეირჩა. იგი მსმენელს გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალ, თანამედროვე ვერსიებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით სთავაზობს.
დისკი უკვე გაყიდვაშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა  ადგილებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 
ალბომში, 11 ყველასათვის საყვარელი ჰიტის ახალი ვერსიაა შესული:
1. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
2. იყო არა იყო რა 
3. ხმალი ავლესოთ 
4. ძველებური თბილისური 
5. გავა დრო და მოვუყვებით შვილებს 
6. თბილისი 
7. გულო 
8. ქართველების ერთად ყოფნა 
9. აყვავილდა ნუში 
10. ომში წასულო ვაჟკაცო 
11. ალგეთს ლეკვები მგლისანი